
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ანგარიშის თანახმად, რასიზმი და შეუწყნარებლობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ საქართველოში პრობლემად რჩება.
"2015 წლიდან საქართველოში საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, რასიზმი და შეუწყნარებლობა ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის და კერძოდ, ლგბტ პირების მიმართ, პრობლემად რჩება, ისტორიული ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულის სწავლება ჯერ კიდევ არასაკმარისია. მთავრობის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა შეარყიეს სახალხო დამცველის რეპუტაცია, რომელიც ეროვნული თანასწორობის ორგანოს ფუნქციას ასრულებს", - ნათქვამია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია 2021 წელის 5 ივლისის მოვლენებზე, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და უმცირესობის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"2021 წლის ივლისში, თბილისში, ლგბტ მარშის წინააღმდეგ მასშტაბური კონტრდემონსტრაციები მონაწილეების, ორგანიზატორებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ECRI-ის შეფასებით, თავდასხმები უნდა იყოს ეფექტურად გამოძიებული, დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ და მსგავსი ქმედებები მომავალში არ უნდა განმეორდეს, მათ შორის, პოლიციის ოპერაციების გადახედვის საშუალებით ასეთი მოვლენების დროს. პოლიციას ჯერ არ შეუქმნია სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევებს განიხილავს", - ნათქვამია ანგარიშში.
კომისია აღნიშნავს, რომ უფლებამოსილების განხორციელებისას, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის პროცესში, სახალხო დამცველი ხდებოდა თავდასხმების სამიზნე. ანგარიშში ECRI მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, "თავი შეიკავონ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სანდოობის, დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შემლახავი კომენტარებისგან".