ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 12-დან შესრულდა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება და სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესის პირობებში დანიშვნა.
სტოკჰოლმში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას განაცხადი განიხილეს ევროკავშირის წევრობაზე.
"რაც შეეხება საქართველოს, ამ ქვეყნისთვის 12 პრიორიტეტი განისაზღვრა და ჩვენ ვხედავთ, რომ სამი მათგანი შესრულებულია: გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება და სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესის პირობებში დანიშვნა. შვიდ პრიორიტეტში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ესენია პოლარიზაციის შემცირება, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილად ფუნქციონირების ხელშეწყობა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია, ანტიკორუფციული სააგენტოს ეფექტურობის გაზრდა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. " ამბობს ვარჰეი
მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედიათავისუფლების კუთხით კი ქვეყანას პროგრესი არ ჰქონია .