2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავზე, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, ამბობს, რომ დევნილებისთვის ბინების გადაცემა საზეიმოა.
"ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ამ ბავშვების მომავლისთვის უნდა გავაგრძელოთ და ასეთი დღეებიც უნდა ვიზეიმოთ", - თქვა პრემიერმინისტრმა დევნილებისთვის ბინების გადაცემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
გიორგი გახარიამ ომზეც ისაუბრა; თქვა, რომ 7 აგვისტო, ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესია.
დღე, როდესაც დაწყებულმა ომმა დაგვაკარგინა ჩვენი მოქალაქეები, ჯარისკაცები, 20 % ტერიტორია და რა თქმა უნდა უაღრესად სიმბოლურია, როდესაც დღეს რუსეთის მიერ 12 წლის წინ ოკუპირებულ ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ ვზრუნავთ და ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვყავს, რომელსაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. გვესმის, რომ ზღვაში წვეთია როდესაც ჩვენს დევნილებს 251 საცხოვრებლს გადავცემთ. ადამიანებს რომლებსაც ომის შედეგად საკუთარი სახლების დატოვება ამოუწია და საკუთარი ჭერი არ აქვთ დღემდე. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის შემდეგ სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 ათასზე მეტი საცხოვრისი და წელს, წლის ბოლომდე კიდევ 2000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს.
ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ამ ბავშვების მომავლისთვის უნდა გავაგრძელოთ და ასეთი დღეებიც უნდა ვიზეიმოთ.
ეს მაინც არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, რომ გარდა იმისა, რომ ვიზრუნოთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველანი ერთად დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში და ეს მერე დაგვრჩეს აქ, როგორც დამატებითი საჩუქარი.
არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა. ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, სწავლით და რაც ყველაზე მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მშენებლობით.
საქართველოს ყველა ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს წლების განმავლობაში, საბოლოო მიზნის მიღწევისთვის და ეს არის ქვეყნის სრული დეოკუპაცია, და ეს მიზანი უნდა იყოს რომელმაც უნდა გაერთიანოს თითოეული მოქალაქე.
გილოცავთ ამ დღეს, და ეს ბავშვების სიხარული მინდა აუცილებლად გავაზაოთ იმ მწუხარებით და ქედის მოხრით რომელსაც იმსახურებენ ჩვენი გმირი ვაჟკაცები და ჯარისკაცები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას თავიანთი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე შესწირეს, - ამბობს გახარია.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა.170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაშივე დევნილობაშია 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია.
ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.
ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.