
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას და განცხადებას ავრცელებს:
"კოალიცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით უსამართლოდ მსჯავრდადებული მედიის მენეჯერის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების - გამოხატვის თავისუფლების - დასაცავად, და პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ულოცავს პირადად ნიკა გვარამიას, მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს ნიკას გათავისუფლებას.
დარწმუნებული ვართ, რომ ნიკა გვარამია მალე დაუბრუნდება მედიის სფეროს და განაგრძობს თავის პროფესიულ საქმიანობას." ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.