გორში, რომელიც 12 წლის წინ რუსული მოიერიშე თვითმფრინავებიდან იბომბებოდა, ოკუპანტი ქვეყნის აგრესიას იხსენებენ - უკვე მეთორმეტედ, გორის ცენტრში ის ადამიანები იკრიბებიან, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია და რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა. შეკრებილები სიმბოლურად სანთლებს დაანთებენ და აგვისტოს ომში დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ყველა იმ რიგით ადამიანს გაიხსნებენ, რომელიც საქართველოს ერთიანობსა და დამოუკიდებლობას შეეწირა.
რიგითი გორელები უკვე მეთორმეტე წელია, ყოველ წელს მოდიან. ეს არის მემორიალი, როგორც იცით, დაღუპული მეომრების და აღნიშნავენ, პატივისცემას გამოხატავენ და ყველაზე მთავარი რაც არის, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი თავგანწირვა, - ამბობს გორის ერთ-ერთი მცხოვრები, ოთარ გვრიტიშვილი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა.170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაშივე დევნილობაშია 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია.
ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.
ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.