რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, შეწყალებაზე, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე - ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ისიც ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალებასთან დაკავშირებით ზეწოლა იყო. მან თქვა, რომ აღნიშნულზე არაფერი იცოდა და რამე სახის კონსულტაციები არ ყოფილა.

"ვერ გეტყვით იყო ეს მოსალოდნელი თუ მოულოდნელი, იმიტომ, რომ ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ ხოლმე, როდესაც ადამიანი არის პატიმარი, რომ მისი უფლებები იყოს დაცული და სასჯელი იყოს აღსრულებული. ეს არის ჩვენი საფიქრალი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, შეწყალებასთან დაკავშირებით, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე. 

მე ერთადერთი რაც ვიცი, ეს იყო ქალბატონი პრეზიდენტის პრესკონფერენცია, სადაც მას არ დაუსახელებია არგუმენტაცია და მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე, შესაბამისად გამიჭირდება რაიმე დამატებითი სახის კომენტარის გაკეთება. როგორც იცით, საკმაოდ გვინდა იყო გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამის შესახებ მე პირადად ნამდვილად არაფერი ვიცოდი, გავიგე ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით და შესაბამისად რაიმე სახის კონსულტაცია არ გვქონია, როგორც კი მოვიდა დადგენილება ჩვენ დავიწყეთ მისი აღსრულება და სისრულეში მოყვანა", - თქვა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მან ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა. ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე ღამით დატოვა. მას საპატიმროსთან და "მთავარ არხში" ათობით გულშემატკივარი ელოდებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი