
მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზს" პასუხობენ - ჩვენ გვინდა ნორმალური სამუშაო პირობები და არა კომპანიის მართვა - აცხადებენ მაღაროელები რომლებიც უკვე 2 კვირაზე მეტია გაფიცულები არიან.
"ჩვენ არ ვითხოვთ კომპანიის გადმოცემას, არც ვართ მაგისთვის მოწადინებულები. ჩვენ ვართ მშრომელი ხალხი, ჩვენ ვართ ჩვენი საქმის პროფესიონალები, ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ მშვიდ გარემოში, ნორმალურ პირობებში და არა ის, რომ კომპანია გადმოგვეცით ჩვენ და ჩვენ ვამუშავებთ კომპანიას. მე რაში მაინტერესებს კომპანიის მართვა, ან რა ინტერესში უნდა იყოს ჩემთვის. მოგვიწყონ სამუშაო პირობები ისე, რომ გავაკეთოთ და ვიმუშაოთ უსაფრთხოდ", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი, მირზა ლოლაძე.
აქციის მონაწილეების თქმით, მუშაობას მხოლოდ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ გააგრძელებენ. პროტესტი კი ჭიათურასა და თბილისში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. გაფიცულების ნაწილს უვადო შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
შეგახსენებთ, დღეს "ჯორჯიან მანგანეზმა" განცხადება გაავრცელა, სადაც მზადყოფნა გამოთქვა, ჭიათურის მაღაროები მართვაში მაღაროელებს გადასცეს.