ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას - კახა კალაძე

გამოქვეყნდა:

ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოსთვის, ოკუპირებული ტერიტორიები ყველაზე დიდი ტკივილი და სერიოზული გამოწვევაა. 

ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, არის ყველაზე დიდი ტკივილი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოვახერხოთ გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით, - ამბობს კალაძე.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 2008 წლის  7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმსხვერპლა.170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაშივე დევნილობაშია 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი