გაფიცულმა მაღაროელებმა 25 ივნისს პარლამენტთან აქცია დააანონსეს

გამოქვეყნდა:

გაფიცული მაღაროელები თბილისში, კვირას, 25 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი უვადოდ გაგრძელდება და იგი მშვიდობიანი სახის იქნება.

"მოგეხსენებათ ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩვენგან დაანონსებული აქცია უკვე მეთორმეტე დღეა, მაგრამ მე მინდა გესაუბროთ განსაკუთრებით კვირა დღის აქციაზე, რომელიც საღამოს 19:00 საათზე გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ გვყავს სტუდენტები დედაქალაქში, გვყავს რეგიონებიდან ხალხი, რომელიც მზად არის ჩვენთან ჩამოსავლელად, მაგრამ გარკვეული სამუშაო პირობებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ მათ სამუშაო საათებში აქ ჩამობრძანება.

კვირას, საღამოს 19:00 საათზე მე ყველას გეპატიჟებით აქციაზე. აქცია არის მშვიდობიანი, აქცია არის უვადო. მე მინდა შემოგთავაზოთ აქციის ფარგლებში თქვენი ჩართულობა იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არის დღეს საქართველოში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაღაროელი.

მისივე თქმით, ისინი უკვე 12 დღეა რაც შიმშილობენ, თუმცა პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. 

შეგახსენებთ, რომ ჭიათურელი მაღაროელები უკვე ორ კვირაზე მეტია რაც შიმშილობენ. 12 დღის წინ მათ პროტესტის ნიშნად შიმშილობაც დაიწყეს. 

აქციის მონაწილეების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ თბილისში გადმოინაცვლა, მათ ახლა პარლამენტის წინ კარვები აქვთ გაშლილი და იქ აგრძელებენ უწყვეტ პროტესტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი