იაპონიაში, ტოკიოს ჩრდილოეთით იბარაკის პროვინციაში, ტკიპებით გამოწვეული ინფექციის, ოზის შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, 26-დღიანი მკურნალობის შემდეგ 70 წელს გადაცილებული იაპონელი ქალი დაიღუპა.
მათივე ცნობით, ეს მსოფლიოში ოზის ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ტოკიოს ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ოზის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს.
ცნობისთვის, ვირუსი პირველად 2018 წელს გამოვლინდა Amblyomma testudinarium ტკიპის სახეობებში, რომელიც დასავლეთ იაპონიაში ეჰიმეს პროვინციაში იპოვეს. ითვლება, რომ ტკიპების ეს სახეობა პასუხისმგებელია ვირუსის გადაცემაზე, მისი არსებობა კი იაპონიის ფართო ტერიტორიაზე შეინიშნება.