
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე ბანერი უკუღმა დაკიდეს.
ბანერი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაა განკუთვნილი და მასზე, წესით უნდა იკითხებოდეს #იზოლაციაშიარხარმარტო - ოჯახში ძალადობის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ - 112 & 116 006.
ჩვენ ვეცდებით გავარკვიოთ, ეს ბანერიც "ფაცი-ფუცში" დაიკიდა უკუღმა, თუ არა.

შეგახსენებთ, 2015 წელს, 13–14 ივნისის სტიქიის მსხვერპლთა პატივსაცემად შექმნილ მემორიალურ დაფაზე შეცდომით დატანილი წარწერა თბილისის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ, სწორედ "სიჩქარითა და ფაცი-ფუცით" გაამართლა: "ფაცი-ფუცში გაიპარა შეცდომა".

ერთი მხრივ სახუმარო და მეორე მხრივ საზიანო, გახმაურებული შეცდომების ნუსხა ამით არ მთავრდება:
2015 წელს, ხელვაჩაურის სოფელ მახვილაურში მოძველებული ხიდის ნაცვლად, სოფელ შარაბიძეებში დაუზიანებელი ხიდი დაანგრიეს. სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ შეცდომის გამო 33 ათასი ლარით იზარალა.
2018-ში კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების კიბე შენობის მეორე სართულზე ადის, თუმცა კიბის ბოლოში კარი არ არის და ყრუ კედელია. როგორც შემდეგ გამოცემა "ბათუმელებმა" გაარკვია, ეს არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის კულტურის სახლის შენობა, რომლის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“.

ამ მასალის გამოქვეყნებისთნავე, "მთავარის" ვებგვერდის მკითხველმა გამოგვიგზავნა კიდევ ერთი უკუღმა განთავსებული ბანერის ფოტო. ბანერი ამჯერადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და ის ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, აგვისტოს დასაწყისშია გადაღებული.
