რუსეთის საქართველოში შემოჭრისა და აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც, "ქართული ოცნება" ომის დაწყებაში კვლავ მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ამბობს, რომ ომი იყო "ღალატის შედეგი". ირაკლი კობახიძე საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტსა და ოკუპანტი ქვეყნის იმჟამინდელ პრემიერსა და ახლანდელ პრეზიდენტს, ერთნაირ პასუხისმგაბლობას აკისრებს და ამბობს, რომ ოკუპაციას ჰყავს ორი ავტორი - სააკაშვილი და პუტინი.
ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამათთან დაკავშირებით ჰააგიდან.
ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა...
თქვენ გახსოვთ ალბათ, როგორ გაიქცა ეს ადამიანი გორში ბრძოლის ველიდან. სიმბოლურად ასე შეიძლება დავინახოთ, როდესაც მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც იდგა უშიშრად გორის ქუჩაზე და ჩვენმა საზოგადოებამ იხილა გაქცეული მთავარსარდალი“ - ამბობს კობახიძე "პალიტრანიუსის" ეთერში.
ეს პირველი არაა, როცა "ქართული ოცნება" ომის დაწყებაში საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს მხარეს ადანაშაულებს; " ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მაგალითად წინასაარცევნო კამპანიის დროს, კახა კალაძე ამბობდა: "ზუსტად თქვენმა სააკაშვილმა დაიწყო ომი."
"ოცნების" მესვეურების ნარატივი ბოლო 8 წელია საერთო, უცვლელი და პუტინისტურია, რომ ომი საქართველომ დაიწყო:
გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვარი. გაურკვეველი ბანდფორმირებები ისროდნენ და ჩვენი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა და მონიტორინგი. ეს პროცესი შესაძლებელი იყო ამ დონეზე დასრულებულიყო. მე ვუყურებდი ყველა სატელევიზიო გამოშვებას და არაფერი სასწაული არ მომხდარა. ერთ-ერთი ნაღმტყორცნი შევარდა ერთ-ერთ სახლში და რაღაც კედელი დააზიანა, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. საკმარისი იქნებოდა სოფლიდან მაქსიმუმ 100 მაცხოვრებლის გაყვანა და საჯარისო შენაერთების ჩაყენება" - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს გააკეთა, როცა ის ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი იყო.
ყველაზე ხმაურიანი, მაინც მოქმედი პრეზიდენტისა და ომამდე პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილის ახსნა- განმარტებები აღმოჩნდა. 2014 წელს, 7 აგვისტოს, ომის 6 წლისთავზე ზურაბიშვილმა დაწერა:
"6 წელი გავიდა ..... იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე - ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა .... გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია .... მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და "გეგმიურ" ტერიტორიების დაკარგვას... ჯერ კიდევ ამ დანაშაულისთვის გასამართლებული არაა ... და სანამ არ იქნება, საქართველო სააკაშვილის (და არა ქვეყნის) დანაშაულისგან ვერ განთავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობაზე და ოკუპაციაზე!"
გამორჩეულად დასამახსოვრებელი იყო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის 2014 წლის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა პუტინი მტერი:
"პუტინი მტერი? რას ნიშნავს? პუტინი ადამიანია და როგორ შეიძლება ადამიანი იყო მტერი. ვისი მტერი უნდა იყოს? ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. გინდ პუტინი იყოს და ვინც გინდათ ის იყოს. სახელმწიფოს მტერი შეიძლება იყოს სახელმწიფო. აბსურდულია კითხვა."
ამ განცხადებებს ქართული ოცნების წარმომადგნელები აკეთებენ ყველასფრის მიუხედავად, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ამ განცხადების:
"გეგმა გვქონდა და ამ გეგმით ვმოქმედებდით, ეს საიდუმლო არ არის. ადრეც მითქვამს, გენერალურმა შტაბმა მოამზადა და დავამტკიცე 2006 წლის ბოლოს ან 2007-ის დასაწყისში. ჩემი აზრით, სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე, ამ გეგმით ვამზადებდით სამხრეთოსურ სახალხო ლაშქარსაც... ეს გეგმა ჩემთან შეთანხმებული იყო".