უკრაინაში მებრძოლი ბელარუსული ჯგუფი, კასტუს კალინოვსკის სახელობის პოლკი, ბელარუსის მოქალაქეებისა და სამხედროებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
როგორც ისინი ამბობენ, რუსეთში მიმდინარე მოვლენები არის "დიდი ტირანიის დასასრულის დასაწყისი".
პოლკი ბელარუსელ ჯარისკაცებს მოუწოდებს, რომ არანაირი სახით არ ჩაერთონ რუსეთის შიდა კონფლიქტში, გაერთიანდნენ თავდაცვის ჯგუფებში და "დაელოდონ სიგნალს".
"ახლოვდება დიქტატურის განადგურების შესაბამისი პირობები. ეს არის დიდი ტირანიის დასასრულის დასაწყისი. მივმართავ ბელარუსელ სამხედროებს: ნუ მიიღებთ მონაწილეობას რუსეთის შიდა კონფლიქტში, ეს სამოქალაქო ომი ჩვენ არ გვეხება.
დრო ახლოვდება, როცა ბელარუსელებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება, შეასრულონ კრიმინალური დავალება, ან ერთგულება შეჰფიცონ ბელარუსელ ხალხს.
ჩვენ გვყავს რეზერვი ქვეყანაში, რომელიც მოიცავს სამხედრო პერსონალსა და რიგით მოქალაქეებს, ისინი მზად არიან ბელარუსი დაიცვან ოკუპაციისგან. ჩვენ გვჭირდება ხალხი გადამწყვეტი ქმედებისთვის. შეუერთდით თავდაცვის ჯგუფებს. ყველა ქალაქი, ყოველი ქუჩა, მზად იყავით აკონტროლოთ თქვენი ტერიტორია და შეინარჩუნეთ წესრიგი.
სამხედროებო, რეზერვისტებო, ბელარუსებო, დაელოდეთ ჩვენს სიგნალს", - ნათქვამია პოლკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთში სამხედრო ამბოხია. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი,ვორონეჟი, ვოლგოგრადი და სხვა ქალაქები. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ. მოსკოვის მისადგომებთან ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.