ვინ არის "ვაგნერის" მეთაური, ევგენი პრიგოჟინი? - პირველი ცნობილი ფოტო, სადაც ის ვლადიმერ პუტინთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა - სტატუსით პუტინის პირადი მზარეული, 2001 წლის ზაფხულშია გადაღებული.
ახლადგაპრეზიდენტებულმა პუტინმა, რომელსაც მაშინ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი პრიგოჟინის რესტორანში წაიყვანა. მაშინ მედია წერდა, რომ პრიგოჟინმა ყველა „ხუმრობითა და ხელსახოცების ოსტატური მიტანით“ მოხიბლა. თუმცა, როგორც თავად პრიგოჟინმა თქვა, პუტინი მან 2000 წელს, გაიცნო, როდესაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშირო მორი პეტერბურგს სტუმრობდა.
პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებამ პრიგოჟინს მწვანე შუქი აუნთო პეტერბურგისა და მოსკოვის ელიტაში. 2000-იანი წლების განმავლობაში, მისი ბიზნესი ელიტარული კვების სფეროში წარმატებული გახდა. 2010-იანი წლებიდან მისი კომპანიები გასცდნენ ელიტის გამოკვებას, ბიზნესმენმა დაიწყო სკოლის მოსწავლეების, საბავშვო ბაღების და ჯარის საკვებით უზრუნველყოფა.
თუმცა, პრიგოჟინის წარსული არც ისეთი სუფთაა და არც რესტორატორობით დაწყებულა. 1981 წელს მას ლენინგრადის სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბინების ქურდობისა და ყაჩაღობისთვის მიუსაჯა. პრიგოჟინი დროზე ადრე გამოვიდა კოლონიიდან – შეიწყალეს და 1990 წელს გათავისუფლდა.
ბოლო ცნობებით, მას 11 მილიარდი რუბლის ღირებულების ქონება აქვს. 2016 წელს გამოქვეყნებული მასალებით ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენს 37 მეტრის სიგრძის იახტა ეკუთვნის, რომლის ინტერიერი „ვერსაჩეს“ სტილშია შესრულებული. გემი პრიგოჟინმა 2014 წელს 5 მილიონ ევროდ შეიძინა. ის, ასევე, ფლობს თვითმფრინავს, რომლის ღირებულება 2 მილიონ დოლარზე მეტია.
Concord-მა, რომელიც მაშინ ევგენი პრიგოჟინის დედის, ვიოლეტა კიროვნას სახელზე იყო გაფორმებული, სანქტ-პეტერბურგში ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი, „ჩრდილოეთ ვერსალი“ ააშენა.
პრიგოჟინი საშინაო პოლიტიკით და რუსული ოპოზიციის საქმიანობით ჯერ კიდევ მანამდე დაინტერესდა, ვიდრე “ტროლების ქარხანას“ დააარსებდა. არაერთი ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ პრიგოჟინის წარმომადგენლები ოპოზიციის მიტინგებზე ინფორმაციას და მასალებს აგროვებდნენ ოპოზიციის ლიდერების შესახებ და ხელისუფლებას გადასცემდნენ. ჯერ კიდევ 2013 წელს პრიგოჟინის „ტროლების ქარხანა“ ცდილობდა გავლენა მოეხდინა აშშ-ში პოლიტიკურ პროცესებზე ტვიტერის მეშვეობით. “ტროლების ქარხანასთან” ერთად გაჩნდა “მედია ქარხანაც” – შეიქმნა ათობით ონლაინ გამოცემა, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ბოლო წლებში პრიგოჟინმა დააფინანსა რამდენიმე მხატვრული ფილმიც. არსებობს მოსაზრება , რომ ეს ფილმები “ვაგნერის” რეიტინგის ასამაღლებლად გადაიღეს.
რუსეთში დაქირავებული მებრძოლობა კანონით აკრძალულია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია პოლიტიკური ელიტისთვის, რომ 2010 წლის დასაწყისში სახელმწიფოს დაქვემდებარებული კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" შეექმნათ. 2013 წელს ამ დაჯგუფებამ პირველი “ექსპედიცია” სირიაში მოაწყო. შემდეგ იყო უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ყირიმი. 2017 წლის ბოლოს პრიგოჟინი აფრიკის ქვეყნებით დაინტერესდა . “ვაგნერელი” მებრძოლების მომსახურების სანაცვლოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში, პრიგოჟინთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს ოქროს, ბრილიანტების და სხვა მინერალების მოპოვების ნებართვა.
აფრიკაში ვაგნერი ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებშიც, ამ ყველაფრით კი გამომძიებელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ. 2018 წლის ივლისში ალექსანდრე რასტორგუევი, ორხან ჯემალი და კირილ რადჩენკო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლეს. ისინი “ვაგნერის” ჯგუფის მუშაობის შესახებ მასალას ამზადებდნენ. მედია-პროექტ “დოსიეს” გამოძიების თანახმად, მკვლელობების უკან პრიგოჟინის სტრუქტურები იდგა.
რაც შეეხება უკრაინის ომს. “ვაგნერელები” უკრაინაში მხოლოდ მარტის ბოლოს გამოჩნდნენ, რადგან უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე პრიგოჟინს უკვე გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. პრიგოჟინის ურთიერთობა პუტინთან გაცივდა, მას კონფლიქტი ჰქონდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორთან. შედეგად, ომი ისე დაიწყო, რომ ევგენი პრიგოჟინი იქ თავიდანვე არ მიუწვევიათ.
აპრილში, “ვაგნერმა” თავისი ყველაზე გამოცდილი მებრძოლები მოიხმო ფრონტზე და წარმატებასაც მიაღწია. ამ გამარჯვების შემდეგ პრიგოჟინს მიენიჭა რუსეთის გმირის წოდებაც.
ზაფხულში პრიგოჟინის გავლენა საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ვაგნერი” ომში გასაგზავნად პატიმრების რეკრუტირებას ახდენდა . თავად პრიგოჟინი დადიოდა კოლონიებში და სთავაზობდა პატიმრებს ამნისტიას უკრაინის ომში მონაწილეობის სანაცვლოდ. გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოსთვის ციხეებში პატიმრების რაოდენობა 23 ათასით შემცირდა. პატიმრების რაოდენობის ზრდა ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც აისახა. 2022 წლის ოქტომბერში ვაგნერის ჯგუფმა აიღო დიდი მონაკვეთი გორლოვკას ჩრდილოეთი ნაწილიდან სოლედარამდე, ხოლო ზამთარში, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შემდეგ, “ვაგნერმა” დაიწყო სვლა ბახმუტისკენ.