როცა ჭკუა არ გყოფნის რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს, რომ გაჩუმდე - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  გუშინ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში "ერთიანად ამჩატებული" ოპოზიცია ვიხილეთ.

ირაკლი კობახიძემ რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე ოპოზიციისა და პრეზიდენტის ინიციატივას სისულელე უწოდა.

"გუშინ ზოგადად ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძე, გახარია, გირჩელები, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორედ გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე. გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე, ყველაფერთან ერთად, აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, საუბარი იყო იქ, მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ნუ ეს არის რეალურად ამ ნაც. მოძრაობის, კოლექტიური ოპოზიციის სახე, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთი წამით წარმოიდგინეთ ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველაფერი, გააანალიზოს ყველაფერი, მათ შორის, შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე," - თქვა კობახიძემ.

​ამას გარდა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე კვლავ ამტკიცებს, რომ ოპოზიციას საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურს. 

"პირდაპირი მოწოდებები შეგვიძლია ამოვიღოთ კონკრეტული ფეისბუქ პოსტები, განცხადებები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან კავშირში, რომელიც გუშინ წარიმართებოდა. იყო მთელი რიგი განცხადებები, სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ეს არის ამ ადამიანების სახე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანია ქვეყნის ომში გახვევა, მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც გულში ინახავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში," - განაცხადა კობახიძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი