
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 8 აგვისტოს ომის თემით სპეკულირება არაეთიკური და ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას თემაზე, თუ რატომ არ ახსენა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი. ახლა რაც შეეხება ომის საკითხს, ბევრჯერ მითქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აგვისტოში რუსეთმა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დღეს ჩვენ უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს 20% ტერიტორიების, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. ჩვენ როცა 20%-ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვსაუბრობთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ მიწაზეა საუბარი?! ადამიანებაზეა საუბარი, დღეს საქართველოში გვყავს აი ამ ომის შემდგომ 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი, - თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა მომავალთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, "გონივრული პოლიტიკა" არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საქართველოს განვითარება მოხდეს. მოგვიანებით მან ჟურნალისტის კითხვის შემდეგ დააზუსტა, რომ საქართველოში რუსეთის ჯარები მათი ხელმძღვანელების ბრძანებით შემოვიდნენ, მათ შორის იყო ვლადიმერ პუტინიც.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია. ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.