"პუტინს, უახლოეს კვირებსა და თვეებში უამრავი პასუხის გაცემა მოუწევს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუბრობს და პრიგოჟინის ჩავარდნილ აჯანყებას დ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„16 თვის წინ პუტინი იდგა კიევის კართან და ქვეყნის რუკიდან წაშლას ცდილობდა. ახლა მას მოსკოვი უნდა დაეცვა დაქირავებული მეომრისგან, რომელიც თავად შექმნა“, - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
მისივე თქმით, "რუსეთში შეწყვეტილმა აჯანყებამ, რომელიც პრიგოჟინის მეთაურობით რამდენიმე თვის განმავლობაში მწიფდებოდა, შესაძლოა, მოსკოვის კიევში შესაძლებლობებზე დიდი გავლენა იქონიოს". ბლინკენი ამბობს იმასაც, რომ ამ შიდა საბრძოლო მოქმედებებმა პუტინის ავტორიტეტი საკმაოდ შეცვალა. ასევე, "ვაგნერის" მებრძოლების მიერ გამოწვეული არეულობა, სავარაუდოდ, ჯერ არ დასრულებულა და მის დასრულებას შეიძლება კვირები, ან თვეები დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. 24 ივნისს ვაგნერელებმა დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. FSB-მ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის აღძრა.ვლადიმერ პუტინმა დაჯუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და პრიგოჟინს დასჯით დაემუქრა.
24 ივნისის საღამოს ვაგნერელებმა ვორონეჟშიც დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები და მოსკოვის მისადგომებთან მივიდნენ. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამზავრებულიყო.