სტოკჰოლმში, გრონა ლუნდის გასართობ პარკში, ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პარკის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ატრაქციონზე 14 ადამიანი იმყოფებოდა, როცა მოძრაობისას ერთი კაბინა რელსებს მოწყდა და ჩამოვარდა.
''დღეს გლოვის დღეა Grona lund-ში, ჩვენ ძალიან ცუდი შემთხვევა გვქონდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა", - თქვა იან ერიქსონმა, პარკის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შემთხვევის შემდეგ ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. მათი განცხადებით, 9 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან სამს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
პარკის დირექტორის თქმით, 140 წლის მანძილზე პირველად, ტერიტორია მინიმუმ ერთი კვირით დაიხურება, რათა პოლიციას გამოძიებაში დაეხმარონ.