მოსკოვის მერი აცხადებს, რომ ქალაქში "ვაგნერის" აჯანყების გამო დაწესებული უსაფრთხოების შეზღუდვები მოიხსნა. მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი 24 ივნისს ამოქმედდა.
"ჩვენ ვხსნით ყველა შეზღუდვას, რომელიც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღებასთან იყო დაკავშირებული," - წერს სერგეი სობინიანი Telegram-ზე.
შეგახსენებთ, რომ "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" ევგენი პრიგოჟინის სამხედრო აჯანყების გამო, რუსეთის სამ რეგიონში დაწესდა. რისკების შესამცირებლად მოსკოვის მერმა ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა. გაუქმდა ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ყველა ღონისძიება. წითელი მოედანი კი აჯანყებიდან ერთი დღის შემდეგ, კვირას, ჩაიკეტა.