"ქართული ოცნების" დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საკითხი, რომ საქართველო შესაძლოა, "შავი ხვრელი" იყოს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში, ოპოზიციის მიერ დაწყებული კამპანიაა. მისი თქმით, სანქციების თავის არიდების საფრთხე ევროკავშირის ქვეყნებშიც არსებობს.
"თუ არ გახსოვთ, გაგახსენებთ - ჯერ კიდევ სანქციების პირველი პაკეტი რომ იყო დაწესებული, მაშინვე ერთ გამოსვლაში ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა 20-ჯერ ახსენა შავი ხვრელი საქართველოში. შავი ხვრელი საერთოდ არვინ იცოდა მაშინ. ეს კამპანია დაწყებულია აქ ჩვენივე პოლიტიკოსების მხრიდან და მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შესალახად და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. საფრთხეები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებშიც და სანქციებიდან თავის არიდების ფაქტები გამოვლენილია ბევრგან. შესაბამისად, სწორედ ამას ცდილობს ევროკავშირი, რომ ეფექტიანი იყოს პირველ რიგში, აღსრულება იმ სანქციების, რაც დაწესდა ევროკავშირის მხრიდან", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს 26 ივნისს საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ვიზიტი იგეგმება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მას შეხვედრები ექნება ქვეყნის პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტღტან, ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და დინანსთა მინისტრთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებულ სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.
შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.