გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის შეფასებით, "ვაგნერის" დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს ამბოხი "რუსული სპექტაკლის მხოლოდ პირველი აქტი" იყო.
ბერბოკის თქმით, ჯერ კიდევ გაუგებარია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ რუსეთში ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლა მიმდინარეობს და გერმანია ამ ყველაფერში არ ერევა.
"ჩვენ ვხედავთ პუტინის ძალაუფლების სისტემაზე რუსეთის აგრესიული ომის დამანგრეველ შედეგებს. ის სულ უფრო და უფრო თვითდესტრუქციული ხდება. ასევე, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში... ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ამან [პრიგოჟინის აჯანყებამ] ასევე გამოიწვია ძალაუფლებისთვის ბრძოლა რუსეთში. გაურკვეველია, სხვა რა აქტები მოჰყვება ამ სპექტაკლს", - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მათ ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამას პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა. თუმცა, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "რუსების სისხლს არ დაღვრის" და უკან დაიხია.