
ხმაური ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პოლიტიკური განცხადების გაკეთება სურდათ, თუმცა ამის საშუალება მათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არ მისცეს.
სხდომის თავმჯდომარემ ენმ-ს საკრებულოს წევრს, მამუკა ჯევაიშვილს დარბაზი დაატოვებინა.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჯევაიშვილი დაცვის პოლიციამ სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. როგორც თავმჯდომარემ მედიასთან განმარტა, "ნაციონალური მოძრაობა" სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდა.
"ხელს უშლის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობს, შესაბამისად დავატოვებინე",- თქვა თენგიზ ირემაძემ.
ფრაქციაში ამბობენ, რომ კითხვები ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობას შეეხებოდა.
"ჩვენ კითხვები გვქონდა ხელვაჩაურის წყლის ყოფილი დირექტორის სასამართლო პროცესზე გასული ხმაურიდან გამომდინარე, ასევე უნდა დაგვესვა კითხვები თორნიკე ქავთარაძის საქმეზე, რომელიც დააკავეს და ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, იმის გამო, რომ კრიტიკული აზრი გამოთქვა ხელვაჩაურის მერის წინააღმდეგ და ხელვაჩაურის წყლის მოქმედ უფროსთან გვქონდა კითხვები, რა უყო იმ ფულს, რომელიც მოქალაქეებმა მას კაბინეტში მიუტანეს. დარბაზის დატოვებით არაფერი შეიცვლება, პირიქით, უფრო მეტი კითხვა გაჩნდება", - თქვა მამუკა ჯევაიშვილმა.