დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს - კობახიძე "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დასჭირდებათ. მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელოვნური ინსტიტუციური კრიზისის შექმნის ინტერესს ხედავენ. 

"ჩვენ ყველა შემთხვევაში დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა. მათ შორის, ტექნიკური მიზეზის გამოც. რეგლამენტში ცვლილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ამ პროცედურას, უკვე ამოქმედებულია. შესაბამისად ვეტო თუ არ დაიძლევა, გამოვა, რომ არ არსებობს უბრალოდ პროცედურა, რომლითაც მოხდება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა. ეს ტექნიკური მიზეზი, თუმცა, ნუ, მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს. ვხედავთ იმის ინტერესს, რომ ცესკოში შეიქმნას ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისი. თავის დროზე, როცა შესაბამისი პუნქტი ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ამ პუნქტის მიზანი სწორედ ეს იყო. მიზანი იყო ცესკოში ინსტიტუციური კრიზისის შექმნა. და სწორედ ამის გამო ჩვენ პირველად პროექტს არ მოვაწერეთ ხელი და მხოლოდ გადასინჯულ ვერსიას მოვაწერეთ ხელი. ახლაც ვხედავთ ზუსტად იგივე ინტერესს, რომ ცესკოში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი. სწორედ ამის გამო, ჩვენ გვჭირდება, ბუნებრივია, ვეტოს დაძლევა," - აცხადებს კობახიძემ. 

კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტოც კი არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარსს და ეს მხოლოდ საბაბია. მისივე თქმით, თუ საკითხზე კონსულტაციების საჭიროება იქნება, ამისთვის მზად არიან.

"რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, პრეზიდენტის ვეტოც კი არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარსს...აქედან გამომდინარე, 19 აპრილის შეთანხმება მხოლოდ საბაბია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი ღირებულება არა აქვს 19 აპრილის შეთანხმებას. ერთი იმის გამო, რომ ის არის უკვე ანულირებული, არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. და მეორე, გახსოვთ თქვენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება იყო საბოტაჟის შედეგი და ამ საბოტაჟის მხარდაჭერის შედეგი. აქედან გამომდინარე, ვერც პოლიტიკური, ვერც მორალური თვალსაზრისით, ჩვენთვის ვერავითარი ღირებულება ვერ ექნება 19 აპრილის შეთანხმებას", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო გუშინ დადო. კანონპროექტით იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი