"თქვენ რეალურად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი, იმოქმედეთ მკაფიოდ და ჰარმონიულად", - ასე მიმართა პუტინმა კრემლის მოედანზე შეკრებილს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, შაბათს, რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის გვარდიის, FSB-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და FSO-ს სამხედროებს ხვდება, რომლებმაც პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყების მცდელობა "აღკვეთეს". მან წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ მფრინავების ხსოვნას, რომლებიც აჯანყების დღეს დაიღუპნენ.
„თქვენ იცავდით ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ წესრიგს, სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და თავისუფლებას. თქვენ გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო აჯანყებისგან, ფაქტობრივად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი. რთულ ვითარებაში თქვენ მოქმედებდით ნათლად, ჰარმონიულად, საქმით დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება ხალხის მიმართ.
ხალხმა და არმიამ აჯანყებულების მხარე არ დაიჭირა, სამხედროების მონდომებამ და გამბედაობამ, ისევე როგორც საზოგადოების კონსოლიდაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა აჯანყების ჩახშობაში.სამართალდამცავი ორგანოების სწრაფმა და ზუსტმა განლაგებამ შესაძლებელი გახადა ქვეყანაში სიტუაციის უკიდურესად საშიში განვითარების შეჩერება, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილება." თქვა პუტინმა.
23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა და გაჩერდა.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.