საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე პასუხისმგებელი მთლიანად რუსეთია, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება რუსეთის ინტერესს ემსახურება.
საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე პასუხისმგებელი მთლიანად არის რუსეთი, ამიტომ ბრალის ნებისმიერი გადმოტანა ქართული მხარისკენ ემსახურება რუსეთის ინტერესს და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რუსეთს ვუმსუბუქებთ ოკუპაციის და აგრესიის ტვირთს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ამიტომ ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება მზად არის საკუთარი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, პარტიული ინტერესიდან გამომდინარე და ოპონენტებს დასაზიანებლად წავიდეს ქვეყნის დაზიანებაზე, - ამბობს დავით ბაქრაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი კი ამობს, რომ რუსეთი დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ თავისი ნარატივი აგვისტოს ომთან დაკავშებით საერთაშორისო ასპარეზზე გამყარდეს.
რუსეთი უზარმაზარ რესურსებს ხარჯავს იმაზე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, სწორედ, მსგავსი ნარატივი გამყარდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის დამნაშავე იმაში, რაც მოხდა 2008 წელს. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ნარატივი შეუძლებელს ხდის საქართველოს მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე პრეტენზიის გამოცხადება და დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ეხმარება რუსეთის ხელისუფლებას, აი ამ ნარატივის განმტკიცებაში, ფაქტიურად, სჩადის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.
ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.