ეს დღე ყოველთვის გვახსენებს, რომ რუსეთი ოკუპანტია - ირმა ნადირაშვილი

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი, რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალთან მივიდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ისინი ომში დაღუპული კახაბერ თავგორაშვილის ოჯახშიც იმყოფებოდნენ. 

ირმა ნადირაშვილის თქმით, მთავარი ბრძოლა წინ არის, რომ საქართველოს დასავლური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დადგეს. 

ეს დღე ყოველთვის გვახსენებს, რომ რუსეთი, ჩვენი მეზობელი, არის ოკუპანტი. შესაბამისად, ყველა ადამიანის ვალია, რომ პატივისცემა გამოხატოს იმ გმირების წინაშე, ვინც იბრძოდნენ ჩვენი შვილების თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის. როდესაც ასეთი დღეები გახსენდება, კიდევ უფრო მეტად გინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული, არასდროს აღარ იყოს საფრთხის ქვეშ. მთავარი ბრძოლა ჩვენ გვაქვს წინ, როდესაც ქვეყნის დასავლური მომავალი არასდროს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, - ამბობს ნადირაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი