"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებას ეხმაურება და მათ "კოლექტიურ სერგო ორჯონიკიძეებსა და კოლექტიურ ვანო ჩხიკვაძეებს" უწოდებს.
კობახიძის მტკიცებით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების თვითმიზანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. მისივე აზრით, არასამთავრობოებს ეს იმიტომ უნდათ, რომ შემდეგ მთავრობის გადადგომა მოითხოვონ.
"ნუ, ეს არის სერგო ორჯონიკიძის მიდგომა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა საუბარი. ისინი შეიკრიბნენ სოროსის ფონდში, კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, კოლექტიური ვანო ჩხიკვაძეები, ის NGO-ები, რომელთა თვითმიზანი არის, რომ საქართველომ რამენაირად არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამ კონკრეტულ NGO-ებს, ყველა NGO-ზე არ არის, ბუნებრივია, საუბარი. საუბარია ყველაზე მდიდარ
NGO-ებზე, აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ არ მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და შემდეგ ეს გამოიყენონ კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ ავიდნენ სცენაზე და მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, რაც გააკეთეს შარშან, ივნისში.რა მოხდა, ყველას გახსოვთ ხომ? არ მიენიჭა უსამართლოდ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ზუსტად ეს NGO-ები ავიდნენ სცენაზე და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას. ახლაც იგივე იმედი აქვთ, რომ დეკემბერში არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, ეს NGO-ები კიდევ ერთხელ უნდა ავიდნენ სცენაზე და კიდევ ერთხელ უნდა მოითხოვონ, ამ თავისივე მეგობარ პოლიტიკოსებთან ერთად, მთავრობის გადადგომა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. რაც შეეხება მათ შეფასებებს, ეს არის სრული ლუსტრაცია იმისა, რომ ისინი არიან კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები," - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს შეფასება, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ. მათი სტატუსმეტრის მიხედვით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა.