ეწინააღმდეგება სააპელაციოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა - DRI ბექა გრიგორიადისის დაჯარიმებაზე

გამოქვეყნდა:

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ეხმაურება სასამართლოს მიერ ბექა გრიგორიადისის 800 ლარით დაჯარიმებას სოციალურ ქსელში უხამსი ფორმით გამოთქმული მოსაზრებების გამო და აცხადებს, რომ აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება და გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ორგანოების მისამართით სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციის უხამსი ფორმით გამოხატვის გამო მოქალაქეები სამართალდამრღვევებად ცნეს.

"ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კურიერის დაჯარიმების საქმე, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ქალაქ თბილისის მერიის მუშაობის მიმართ გამოხატა უკმაყოფილება.

გამოხატვის თავისუფლების ამ მასშტაბით შეზღუდვა, რასაც თან ახლავს დაკავება და დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმა, აუცილებლად გახდება კრიტიკული აზრის რეპრესირების ინსტრუმენტი.

ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილება, რომლის თანახმადაც, სოციალურ ქსელში უხამსი/შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამების გავრცელება არ იქნა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებულ ქმედებად, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გამოხატვა არ ისახავდა უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას.

გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონი, რომელიც სოციალური ქსელის გამოყენების შემთხვევაში, დააწესებდა სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას უხამსობასთან დაკავშირებით, არ შეიძლებოდა დამდგარიყო პირის პასუხისმგებლობის საკითხი," - ნათქვამია განცხადებაში.

DRI-ის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო სამართალწარმოების დაწყება და სასამართლოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრების გაზიარება - განსხვავებული აზრის დევნის საგანგაშო მაგალითია.

ორგანიზაცია ამბობს, რომ გრიგორიადისის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების მსგავსი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებით შეუძლებელი გახდება გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხის სტანდარტით დაცვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი