ომის შემზარავი ამბავი ორი მოხუცი ქალისთვის, ახლა ხანდაზმულობის ყველაზე მძიმე წუთებია. 12 წლის წინ, მტრის პირისპირ სოფლის მოდარაჯეებად დარჩნენ, იცოდნენ, რომ სიკვდილი მათთან ყველაზე ახლოს იყო, თუმცა მთელი ცხოვრების ნაგროვები სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვეს, მაშინ სოფელი ვერ მიატოვეს. ახალგაზრდები გაუშვეს და ტახტიძირელი ქალები რუსის ჯარის პირისპირ შიშველი ხელებით დადგნენ. ეთერ ბარამაშვილს 8 აგვისტოს ღამე კარგად ახსოვს - პირველი შეხვედრა ავტომატიან რუს სეპარატისტებთან.
ომს გადარჩენილები დღეს ისევ ოკუპაციის პირისპირ დგანან. საკუთარი სახლებიდან ყოველდღე უყურებენ როგორ ითვისებს მტერი თითო გოჯ მიწას წინაპრების დანატოვარი ბაღებიდან. რაც აგვისტოს ომის დროს რუსმა სეპარატისტებმა ვერ მიიტაცეს, მშვიდობის მძევალი აღმოჩნდა, ჰექტრობით მიწა საქართველოს ტერიტორიაზე ახლა რუსების კუთვნილებაა. ქართველ მოსახეობას გადაადგილებას უკრძალავენ.
სოფელი მეჯვრისხევში, დასახლებული პუნქტიდან თითქმის სამას მეტრში, საშიში ზონა იწყება. სოფლის სასაფლაოსა და სამლოცველოს მიმდებარედ დღეს უკვე მხოლოდ პირუტყვი გადაადგილდება. ადგილობრივებმა იციან, რომ მათი იქ გამოჩენა, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ზღვარი ოკუპანტსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის ყოველწლიურად მცირდება. რუსი სეპარატისტები საოკუპაციო ზოლის კონტროლით არ კმაყოფილდებიან და ხშირად ქართვველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, სოფლის მოსახლეობას კი ცხოვრება შიშის ქვეშ უწევთ.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საკუთარ ტერიტორიაზე მწყემსები საქონელს მხოლოდ შორიდან აკვირდებიან. იციან რომ მათი საძოვრებია, თუმცა შიში იმდენად დიდია, რომ გადადგილებას ერიდებიან, რუსმა სამხედროებმა სოფლის სიახლოვეს ინფრასტრუქტურაც მოაწყეს. შეიარაღებულმა სამხედროებმა ტერიტორიის საკონტროლებლად მეჯვრისხევის გორებზე საფეხურებიც კი გააკეთეს. ეს ადგილი კი სოფელ
მეჯვრისხევის მიმართულებით, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეული მეტრით არის დაშორებული
12 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომი იმაზე შორს დასრულდა, ვიდრე ახლა დგანან სეპარატისტული ძალები. "მთავარმა არხმა" ის სოფლები შემოიარა, სადაც მავთულხლართებს ისევ ავლებენ, ქართულ ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუთვლია ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რა ტერიტორია დავკარგეთ, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ყოველდღიურად ხედავენ ახალ ნიშნულებს, რომელიც მეზობელი, ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან კეთდება, არაოფიციალური ციფრი უკვე საგანგაშოა. დაკარგული ტერიტორიების ჯერ მხოლოდ 15 პროცენტია დათვლილი, რაც 16 მილიონ ჰექტარს აჭარბებს.
ქართული პოლიცია ქართველ მოსახლეობას გადაადგილებას მუდმივად უკრძალავს. მეჯვრისხევიდან "მთავარ არხს" ტერიტორია მალე დაატოვებინეს - მიზეზი ერთადერთია, პოლიცია ცდილობს დაფარული დარჩეს რუსი სამხედროების უკანონო ქმედებები და მოსახლეობამ ნაკლები იცოდეს, რა ხდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სადაც მიწები ოკუპაციის საზღვრებში მუდმივად ექცევა. "მთავარი არხის" გადაადგილების ყველა ნაბიჯს პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა, ეკიპაჟები, ხშირ შემთხვევაში მუშაობის უფლებას არ გვაძლევდნენ.
რუსული ოკუპაციის ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ომის შემდგომი საქართველო ახლა იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე 2008 წლის ზაფხულის სისხლიანი მოვლენების დრო იყო. 12 წლის წინ, ომს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ომის შემდგომი მშვიდობა კი არანაკლებ სახიფათო აღმოჩნდა უკანონო საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებისთვის, სადაც რუსი სამხედროების რკინის ღობე ქართულ მშვიდობას თანდათან ამსხვრევს.