ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითიც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს - აცხადებს სანქციების კომისიის წარმომადგენელი აშშ-დან ჯიმ ობრაიენი მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრების შემდეგ გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს.
ობრაიენის თქმით, ამჟამად ინტერესის მთავარი სფერო ელექტრონული მოწყობილობებია:
"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითიც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს და ჩვენ როგორც აშშ ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ამახილებს იმ ელექტრონული მოწყობილობების სახეობაზე, რაც გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად ამ მიმართულებით გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას." ამბობს ჯიმ ობრაიენი აშშ-ის წარმომადგენელი.
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, კუმარ აიერი კი ამბობს, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება შავი ხვრელების მოძებნას იმისთვის, რომ ამ შეზღუდვებს დააღწიოს თავი:
"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ისიც ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ რაღაც შავი ხვრელები და გზები გამონახოს, რომ აიცილოს კონკრეტულ საქონელზე სანქციების ქვეშ მოხვედრა და სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩვენ ჩამოსულები" ამბობს ის.
მისი თქმით, საუბარია 38 დასახელების ელექტროსაქონელზე და მათი ზუსტი ჩამონათვალი საჯარო ინფორმაციაა და შესაბამის ვებსაიტებზეც იძებნება.
კუმარ აიერის თქმით, საერთაშორისო სანქციები გავლენას ახდენს ფრონტის ხაზზე რუსეთის ბრძოლისუნარიანობაზე, რადგან მას წვდომა აღარ აქვს დასავლეთში წარმოებულ ნაწილებზე და იძულებულია თავის შეიარაღებისთვის შეიძინოს დაბალხარისხიანი ნაწილები.