თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი გააკეთა სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა დევიდ ოსალივანმა. მისი თქმით, ახლა დასავლეთის მთავარი ფოკუსი იმ ელექტრომოწყობილობების შეზღუდვაზეა, რომელსაც რუსეთი ფრონტის ხაზზე იყენებს და რომლის ქვეყანაში შესატანადაც, სანქციების გვერდის ავლას სხვადასხვა გზებით ცდილობს:
"რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის შემდეგ, დასავლეთმა დააწესა სანქციების უპრეცედენტო დონე.ამ სანქციების მიზანი არის რუსეთის მიერ ომის წარმოების უნარის შეზღუდვა და მძიმე ეკონომიკური საფასურის დაწესება მოსკოვისთვის. ჩვენ ამჟამად ფოკუსირებას ვახდენთ რუსეთის მიერ სანქციების შესაძლო თავის არიდებაზე და კონკრეტულად 38 დასახელების საქონელზე, რომელიც შეუძლებელი იქნება გამოყენებული ბრძოლის ველზე და რომლებიც რუსულ იარაღს უფრო ჭკვიანს და სასიკვდილოს გახდის. ამის გამო, ჩვენ რამდენიმე ქვეყანას ვესტუმრეთ და მათ შორის საქართველოშიც ჩამოვედით. საქართველო არ უწესებს სანქციებს რუსეთს როგორც ვიცით, რაც ერთგვარად შემაშფოთებელია, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ ასევე გვესმის, რომ საქართველო სპეციფიკურ მდგომარეობაშია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ ამ 2 დღის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს და ცდილობს, რომ არ დაუშვას მისი ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა. " ამბობს ის.
მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანების დასანქცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა რუსეთთან ფრენების აღდგენაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს მოუწევს, კონტროლის გამკაცრება:
"რაც შეეხება ფრენების აღდგენას რუსეთთან, თუ თქვენ გაზრდით რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ პუნქტებს, მაშინ თქვენ მოგიწევთ კონტროლის გაზრდა თითოეული ამ პუნქტის ხარჯზე. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრ კონტროლს დაამყარებს და ეს ახალი პუნქტები არ იქნება გამოყენებული უკანონო ქმედებებისთვის." ამბობს დევიდ ო’სალივანი