რუსეთი აგვისტოს ომისთვის 2004 წლიდან ემზადებოდა - გრიგოლ ვაშაძე

გამოქვეყნდა:

რუსეთი აგვისტოს ომისთვის 2004 წლიდან ემზადებოდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" თქვა. ამბობს, რომ არსებობდა სამი მიზეზი, რის გამოც ოკუპანტმა რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო: 

  1. "ეკონომიკა, რომელიც 16-17%-ის სისწრაფით ვითარდებოდა საქართველოში, თუ აშშ-ს დოლარებით განვსაზღვრავთ ამ ზრდას, აღმოიფხვრა კორუფცია და ნეპოტიზმი და რუსეთისთვის ახალი ტიპის პოლიცია და შეიარაღებული ძალები სრული ანათემა იყო;
  2. თავისი წილი ნახშირი და ბენზიინი დაუმატა იმან, რომ 2008 წლის 2-დან 4 აპრილამდე ჩატარებულმა ნატოს სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ნატოს წევრები;
  3. განსაკუთრებული მიზეზი იყო ის, რომ რუსეთს მიზეზი არ სჭირდებოდა". 

გრიგოლ ვაშაძის თქმითვე, რუსეთმა, გეოსტრატეგიული როლი სტრატეგიულ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად დაკარგა. ამიტომაც, მისი თქმით, "საბაბის მოძებნა რუსეთს დაწყებული ჰქონდა 2004 წლიდან. ეს დასტურდება მედვედევის და პუტინის ინტერვიუებით 2004 წლიდან და ეს მზადყოფნა განსაკუთრებით გაამძაფრეს 2006 წელს".

გადაცემის წამყვანის, თათა ჩიკვილაძის შეკითხვას, რა მოიგო ამ ომით რუსეთმა, გრიგოლ ვაშაძე პასუხობს, რომ ოკუპანტ ქვეყანას ამ ომით სამი მთავარი მიზანი ჰქონდა: "საქართველოს დამუხრუჭება ნატო-სკენ და ამ პერსპექტივის სრულად მოსპობა; ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება ისე, რომ ჩვენ გადამისამართებული ვყოფილიყავით უკვე მაშინ ოკუპირებული აფხაზეთის ან ცხინვალის მსგავსად და მესამე, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოსპობა". 

გრიგოლ ვაშაძე, რომელიც აგვისტოს ომის პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამბობს იმასაც, რომ აგვისტოს ომით რუსეთმა "მოიგო" ის, რაც უკრაინაში - ქართველი ერი სამუდამოდ კრემლისა და მოსკოვის პოლიტიკის მტრად გადააქცია. 

მოიგო ის, რომ ყველამ დაინახა, რუსეთის იმპერია ჰქვია, საბჭოთა კავშირი თუ რუსეთის ფედერაცია, ამ სახელმწიფოს არც საგარეო პოლიტიკა, არც მეზობლებთან ურთიერთობის ვექტორი და ტონალობა და არც მისი ადგილი მსოფლიოში არ იცვლება. ეს არის იმპერიალისტული აგრესორი. იყო, არის და იქნება, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი