
ვილნიუსის სამიტის უმნიშვნელოვანეს ამოცანებს შორის პოლონეთის პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სრულუფლებიანი წევრობის გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა დაასახელა - შესაბამისი განცხადება კიევში მყოფმა ანდჟეი დუდამ უკრაინისა და ლიეტუვას პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა:
"ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის უსაფრთხოება ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაა. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები - გავხადოთ ნატო რაც შეიძლება ძლიერი ევროპის ჩვენს ნაწილში და ძალიან ახლო მომავალში - უკრაინა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, გაერთიანების ერთ-ერთი არმია, რომელიც დაექვემდებარება ნატოს წესდების მე-5 მუხლს“, - განაცხადა დუდამ.
მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეც.
ლიეტუვის რესპუბლიკის ლიდერმა, გიტანას ნაუსედამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და რომ ვილნიუსის სამიტმა უნდა დააჩქაროს უკრაინის ალიანსში შესვლა.
ნაუსიედამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკვე წელს დაიწყებს.
მისივე თქმით, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩავა NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ორი გამშვები, რომელიც მისმა ქვეყანამ უკრაინის ცის დასაცავად შეიძინა.
შეგახსენებთ, პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები უკრაინის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით დღეს კიევში ჩავიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს ომში მყოფ ქვეყანას.
დუდა და ნაუსედა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მათ ომის განმავლობაში აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.