ეკლიანი მავთულები რუსეთის სამხედრო ავანტიურის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა. გაცილებით უფრო სახიფათოა ის აქტივობები, რომელსაც კრემლი მავთულხლართებს აქეთ, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აწარმოებს. ყველა ვხვდებით, რომ დღეს საქართველოში რუსეთის საკმაოდ ფართო აგენტურა მოქმდებეს. მაგრამ ხელისფლებას ეს საკითხი უბრალოდ არ აინტერესებს, 8 წელია მას რუსეთის არც ერთი აგენტი არ გამოუვლენია.
ალექსეი კოროლოვი და დიმიტრი ჟურავლიოვი. მოქალაქეობა - რუსეთის ფედერაცია. ამჟამინდელი საცხოვრებელი - საქართველო, ქალაქი ფოთი. ორივე პროფესიონალი მყვინთავია. აქვთ საკუთარი კომპანია შპს "ალფა". ემსახურებიან ფოთის პორტს. კონკრეტულად, რა სამუშაოს ასრულებენ უცნობია. თუმცა ფაქტია, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტზე თავისუფლად გადაადგილება მათთვის პრობლემა არ არის.
ამტკიცებენ, რომ ერთი წლის წინ, მათმა დაარსებულმა კომპანიამ ფოთის პორტის გამოცხადებული ტენდერი დახმარების გარეშე მოიგო და საქართველომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს პორტში მუშაობის უფლება ზედმეტი დაინტერესების გარეშე მისცა. შეუძლიათ ნახონ ყველაფერი - რომელი ქვეყნის გემები შემოდიან საქართველოში და გაიგონ ყველაფერი ობიექტზე, რომელსიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული ჭურვებით დაიბომბა.
ალექსეი კოროვლიოვმა წელიწადნახევრის წინ საქართველოს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ჩვენმა ხელისუფლებამ არ დააყოვნა და ბინადრობის უფლება მისცა. ალბათ არც კი გამოუკვლევიათ, რომ წარსულში ის სამხედრო მყვინთავი იყო. "მთავართან" ინტერვიუში კოროვლიოვი ამბობს, რომ რუსეთში პრობლემები შეექმნა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა დანაშაულისთვის აუკრძალეს მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრება. "მთავარ არხს" უყვება, რომ რუსეთში ყველაფერი გაყიდა და საქართველოში ჩამოვიდა, ბიზნესი
დაიწყო, ასევე რუსეთის მოქალაქე, დიმიტრი ჟურავლიოვთან ერთად, რომელიც გვიმტკიცებს, რომ მხოლოდ ისრაელის მოქალაქეობა აქვს. არადა ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ფიქსირდება, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ისიც გვიმტკიცებს, რომ ისრაელში შეგროვილი ფული ჩამოიტანა და მომგებიან
ბიზნესში ჩადო.
აღჭურვილობა, რომელზეც ჟურავლოვი საუბრობს, ყვინთვისთვისაა განკუთვნილი. წელიწადნახევრის წინ საქართველოში დასახლებული რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ წყალქვეშა სამყარო მათი გატაცება იყო, ბოლოს კი მისი ბიზნესად გადაქცევა გადაწყვიტეს და კომპანია დაარსეს, რომელიც ხან ბათუმის, ხან ფოთის პორტს ემსახურება. სანამ ოფიციალურ საქმიანობას დაიწყებდნენ, მანამდე, საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციაში მივიდნენ და უთხრეს, რომ დაივინგის მოყვარულები იყვნენ. დაინტერესდნენ მხოლოდ სტრატეგიული ობიექტებით.
წყალქვეშა ცურვის ასოციაციაში გაუჩნდათ კითხვები და ძალოვან უწყებებს საჯაროდ მიმართეს, შეესწავლათ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქქეების ჩამოსვლის რეალური მიზეზი. პასუხი ჯერ არ არის, მაგრამ არსებობს ბევრი კითხვა - რატომ დაინტერესდნენ რუსი მყვინთავები ჰესებით, გვირაბებით და პორტებით ?!
დავით ნიკოლეიშვილი ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი ლიცენზია. როდესაც სახიფათო ადგილას ჩასაყვინთავად მიდიან, არ აფრთხილებენ შესაბამის უწყბებებს, არადა, ამ დროს აუცილებელია, საქმის კურსში ჩააყენო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ისინი დადიან მარტო, იღებენ სურათებს და ვიდეობს, აქვეყნებენ სოციალურ ქსელში, თუმცა ქართველ კოლეგებს უჩნდებათ კითხვა - ამ ყველაფრით ხომ არ ცდილობენ დაფარონ სტრატეგიულ ობიექტებში ყვინთვის რეალური მიზეზი.
რისთვის ჩამოვიდნენ წელიწადნახევრის წინ რუსეთიდან კოროლიოვი და ჟურავლოვი - არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი. ხომ არ აწვდიან ინფორმაციას ისინი რუსულ სპეცსამსახურებს - ამ კითხვებს პასუხი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გასცეს.