"ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია" - ხელოვანები, რომლებმაც კომიტეტზე პერფორმანსი მოაწყვეს, სარჯველაძემ დარბაზიდან გააძევა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კინოცენტრის თანამშრომლებმა და ხელოვანებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. 

კინოსფეროს წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე საპროტესტო შინაარსის წარწერიანი მასიურებით მივიდნენ და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის უფროსის, ლელა ჯანაშვილის სიტყვით გამოსვლისას ფეხზე წამოდგნენ და მდუმარე პერფორმანსი გამართეს. 

პროტესტის მონაწილეებს მაისურზე ეწერათ: "ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია," "არა ცენზურას", "თავისუფლება კულტურას", "თავისუფლება კინოცენტრს" და ა.შ.

სხდომა პერფორმანსის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დაატოვებინა.

"გასაგებია ახლა ყველაფერი, თქვენ აქ სხვა მიზნით ხართ მოსულები და კომიტეტის მუშაობას ხელს ნუ შეუშლით. დატოვეთ დარბაზი, თუ შეიძლება, შესვენებაა გამოცხადებული და განახლება შემდეგ, როდესაც კომიტეტის საქმიანობით დაინტერესებული ხალხი დარჩება დარბაზში", - მიმართა მიხეილ სარჯველაძემ კინოხელოვანებს.

მისივე თქმით, ხელოვანების მიერ გამართული პერფორმანსი სინამდვილეში მათი "ერთ-ერთი კოლეგის" პერფორმანსი იყო, თუმცა რომელ კოლეგაზე საუბრობდა, არ დაუზუსტებია. 

პერფორმანსის მონაწილეების თქმით, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოსფეროს წარმომადგენლებთან საკომუნიკაციო ყველა არხი დაახშო, ამიტომ ისინი იძულებულები არიან, რომ ასე გამოხატონ სათქმელი.

"კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაახშო ყველა კარი, ყველა საკომუნიკაციო არხი, ჩვენი მასთან ურთიერთობისა. ამიტომ, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ მოვიდეთ და ასე გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს მაისურებზე, თუ რას ვამბობთ, თუ რა გვინდა გადავცეთ მას და თუ რა გვინდა გადავცეთ ასევე ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, რომელიც არაერთი არის ამ დარბაზში", - ამბობს პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი