ნიკა გვარამია პირველი ქართველია, რომელსაც CPJ პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს. ნიკა გვარამია პირველი ქართველია, რომელიც ამ ჯილდოს მიიღებს. 

ჯილდოს "მთავარი არხის" დამფუძნებლებთან ერთად კიდევ სამი ჟურნალისტი მიიღებს ინდოეთიდან, ტოგოდან და მექსიკიდან. 

როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების მკვეთრი გაუარესების პირობებში, მთავრობების ზეწოლის, პატიმრობის, გატაცებებისა და გადასახლების საფრთხის მიუხედავად, ეს ადამიანები განაგრძობდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას." 

CPJ-ის ამ გადაწყვეტილებას ეხმაურება ნიკა გვარამია და სოციალურ ქსელში წერს:

"დაბადების დღეზე ასეთი საჩუქარი არასდროს მიმიღია: CPJ (ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო (International Press Freedom Award) მომანიჭა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში მხოლოდ 4 ჟურნალისტს ენიჭება და წელს პირველად მიენიჭა ქართველს. ძალიან მიხარია, რაღა დაგიმალოთ", - დაწერა ნიკა გვარამიამ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მნიშვნელოვანი და ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მედიის ოთხ წარმომადგენელს ირჩევს. მათ, ვისაც პროფესიის დაცვა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ. 

დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ-იორკში, 2023 წლის 16 ნოემბერს გაიმართება. ვახშამს The New York Times Company-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, მერედიტ კოპიტ ლევიენი უხელმძღვანელებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი