საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები უკვე მესამე დღეა გრძელდება.
აქციები პოლიციის მიერ 17 წლის ბიჭის მკვლელობას მოჰყვა. ახალგაზრდა, რომელიც წარმომავლობით ალჟირი-მოროკოდან იყო, ორმა პოლიციელმა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ბიჭის მკვლელობის მომენტს ასახავს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი მანქანის მძღოლს იარაღს უმიზნებს, რა დროსაც მანქანა მოძრაობას იწყებს, პოლიციელი კი მანქანის შიგნით ისვრის.
პოლიციელი, რომელმაც ბიჭს ესროლა დაკავებულია, მის წინააღმდეგ გამოძიება ნებაყოფლობით მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 ივნისს ღამით, როცა არეულობა დაიწყო, დემონსტრანტებმა დაწვეს 40-მდე მანქანა, ცეცხლი წაუკიდეს და თავდასხმა სცადეს მერიის, სკოლებისა და პოლიციის განყოფილების შენობებზე.
აქციაზე ყველაზე მეტი ადამიანი პარიზის რეგიონში დააკავეს.