გორის ცენტრალური მოედანი, რომელიც 12 წლის წინ რუსეთი სამხედრო ავიაციის სამიზნე იყო, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბებს ესროდნენ. დღეს, "მთავარი არხის" ეთერში ის ადამიანები იხსნებენ აგვისტოს ომს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ.
გორი სატანკო ბატალიონის მმართველი სერჟანტი, ალექსანდრე გოგიაშვილი ამბობს, მისთვის შეურაცხმყოფელია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ საქართველომ ომი დაიწყო.
2008 წლის 8 აგვისტოს, დილის 5 საათზე გორის ცალკეული ჯავშან ბატალიონი, 4 ტანკი შევედით ქალაქ ცხინვალში, რათა დაგვეცვა ჩვენი ქართული სოფლები რუსი აგრესორებისგან. მაგრამ საჰაერო დაბომბვაში მოვყევით და ოთხივე ტანკი გაგვანადგურეს. დამეღუპა ჩემი თანამებრძოლები, სამმა ჯარისკაცმა თავი ძლივს დავაღწიეთ. სამი დღის განმავლობაში ვცდილობდით გამოვსულიყავით სამშვიდობოს და ღვთის წყალობით გამოვედით. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმოამდგენლები აცხადებს, რომ ვითომ, ჩვენ დავიწყეთ ომი, ეს შეურაცხმყოფელია არამარტო ჩემთვის, არამედ 10 ათასობით ვეტერანისთვის. დიახ, რუსები აგრესორები არიან... დიდება გმირებს! - ალექსანდრე გოგიაშვილი
სოფელ კარბში რუსული ავიაციის სამხედრო იერიშის დროს 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო სოფელ კარბის მცხოვრები, იზოლდა ბიძინაშვილის ქმარი. იზოლდა ბიძინაშვილინ ამბობს, რომ შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის, რაც საქართველომ მაშინ განიცადა.
შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე რაც განიცადა პირადად ჩემმა ოჯახმა და საქართველომ. 2008 წლის 9 აგვისტოს დაიბომბა ჩვენი სოფელი და ერთად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჩემი მეუღლე. პირადად ჩემი თვალით ვნახე ეს 8 ადამიანი სიკვდილს, როგორ ებრძოდა. მარადიული ხსოვნა მათ სულებს! - ამბობს იზოლდა ბიძინაშვილი
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.
ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.