
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "პატარა სტატისტიკა აწარმოა" ოპოზიციის მხრიდან დასმული შეკითხვების ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაზე და თქვა, რომ საგარეო თემებზე სამი, ხოლო თავდაცვაზე მხოლოდ ერთი "უხარისხო" შეკითხვა დაისვა. რაც შეეხება ეკონომიკას, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოციალურ დახმარებას, განათლებასა და სპორტს, კობახიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ამ თემებზე დაისვა "ნული შეკითხვა":
„მე პატარა სტატისტიკა ვაწარმოე სხდომის დროს და მინდა გითხრათ რამდენი კითხვა დაისვა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ეკონომიკასთან დაკავშირებით დაისვა 0 შეკითხვა, ენერგეტიკა - 0 შეკითხვა, რეგიონული განვითარება - 0 შეკითხვა, სოფლის მეურნეობის საკითხები - 0 შეკითხვა. ტურიზმი - 0 შეკითხვა, ჯანდაცვა - 0 შეკითხვა, სოციალური დაცვის და დახმარების საკითხები - 0 შეკითხვა, განათლება - 0 შეკითხვა, კულტურა - 0 შეკითხვა, სპორტი - 0 შეკითხვა. ოპოზიციის მხრიდან, საგნობრივი შეკითხვა დაისვა ინფრასტრუქტურაზე 2, საგარეო თემებზე 3 უხარისხო შეკითხვა დაისვა და თავდაცვაზე 1 უხარისხო შეკითხვა. ეს არის ოპოზიციის სტატისტიკა, რაც აჩვენებს, რომ სინამდვილეში არც ინტელექტუალურად არ არის ოპოზიცია მომზადებული, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში და საერთოდ არ აინტერესებთ ამ ადამიანებს ქვეყნის განვითარება,“ - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპონენტებს ქვეყნის სიკეთე არ უხარიათ, რადგან პრემიერს ტაში არ დაუკრეს, როცა ის ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატებაზე ლაპარაკობდა:
"როდესაც პრემიერმა აღნიშნა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე, რადიკალურმა ოპოზიციამ საერთოდ ტაში არ დაუკრა. არაფერი სიკეთე არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის, მათ შორის სპორტის წარმატებაც კი არ უხარიათ" ამბობს კობახიძე.
ღარიბაშვილი დღეს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. მას დილით საკანონმდებლო ორგანოსთან აქტივისტები დახვდნენ შეძახილებით - ირაყლი, რის გამოც საჭირო გახდა მისი შეპარება პარლამენტში.