"ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინა დაისაჯა სურვილის გამო, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მეც იგივე ვთქვი" | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომის მიზეზად კვლავ უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ასახელებს. 

ღარიბაშვილი თავისი სიტყვების გასამყარებლად საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებებს იშველიებს და ამტკიცებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა ზუსტად იგივე თქვეს, რაც მან.

"ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად, რატომ იყო ამხელა აჟიოტაჟი. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ბატონმა მაკრონმა სწორედ ეს თქვა, რომ საქართველოსა და უკრაინას მიეცა პერსპექტივა NATO-ში გაწევრიანების, ყოველგვარი გარანტიების გარეშე და თქვა, რომ ეს დასრულდა აგრესიით ორივე ქვეყნის მიმართ. ეს ბატონი მაკრონის სიტყვებია. ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ უკრაინა დაისაჯა იმის გამო, რომ მას ჰქონდა სურვილი თუ აქვს სურვილი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მეც თითქმის იგივე ვთქვი, რომ მას აქვს სურვილი გახდეს NATO-ს წევრი. იგივეა, NATO-ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე. გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, თუმცა სხვა თემა რომ აღარ დარჩათ, რაღაცაზე ხომ უნდა ეხმაურათ, შემდეგ ვიღაცებიც დაიხმარეს გარედან და არაფრისგან შექმნეს აჟიოტაჟი. მე რაიმე ახალი ვთქვი თუ რა? რაიმე გითხარით, რაც არ იცით?", - ამბობს ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს ბრატისლავაში გამართულ უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მისთვის ჩვეული ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებაში პირდაპირ დაადანაშაულა უკრაინის განზრახვა, რომ ყოფილიყო NATO-ს წევრი. ღარიბაშვილის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი