
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველას მიმართ, ვინც პოლიციის წინააღმდეგ აღმართავს ხელს, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო.
ღარიბაშვილმა ეს განცხადება მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას გააკეთა. ღარიბაშვილმა გრიგორიადისს ამჯერად "ბინძური" უწოდა და თქვა, რომ მის ციხიდან გამოყვანას ვერავინ შეძლებს.
"არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც პოლიციელის წინააღმდეგ აღმართავს ხელს სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ეს დაიმახსოვრეთ ყველამ, არ მაინტერესებს არავის თმის ფერი და არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა, ვიღაც ბინძურმა. ამას გეტყვით აბსოლუტური აღშფოთებით, მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო, არავის არ ვაპატიებ ასეთ რაღაცას, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა, ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. ახლა გამოიყვანონ და დაიცვან, რატომ ვერ გამოჰყავთ ციხიდან, ვერავინ ვერ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციელზე ხელს. რა შუშია თმის ფერი, რა შუაშია ორიენტაცია, ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს ამ კონტექსტში", - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერის მტკიცებით, მას აქციაზე მისული ყველა ახალგაზრდა არ მოუხსენიებია როგორც სატანისტი, არამედ ეს განცხადება კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, პოლიციელებისა და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან მოწოდებულ მასალებს გაეცნო და ნახა, რომ აქციაზე "იყვნენ გარკვეული სექტები".
ბევრი გამოვიდა და თქვა, რომ მე სატანისტები ვუწოდე მათ. ეს არის დიდი ტყუილი, მე ვთქვი შემდეგი რაღაც და ამაზე პასუხისმგებელი ვარ, რამდენიმე ახალგაზრდა მეთქი და გაძლევთ სიტყვას ასე იყო, მე გავეცანი მასალებს პოლიციელებისა და საგამოძიებო სამსახურის მხრიდან და გავარკვიეთ რომ იყვნენ ასეთი გარკვეული სექტები და გარკვეული ტვინარეული, გზააბნეული ერის შვილები, დავარქვათ ასე. ეს ახალგაზრდა შეიძლება ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.