
ოპოზიცია და კრიტიკული მედია კვლავ ძალადობის მსხვერპლი ხდება. კასპში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი შეხვედრა რამდენიმე ათეულმა, "ქართული ოცნების" პარტიულმა აქტივისტმა და საჯარო მოხელემ ჩაშალა. პენსიონერებთან შეხვედრაზე მისულ ლევან ხაბეიშვილს და მისი გუნდის წევრებს ხაშურის და კასპის მერიის და საკრებულოს საგანგებოდ შეკრებილი თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი პოლიტიკური აქტივისტების გარდა კასპელი მოქალაქეებიც გახდნენ. ლევან ხაბეიშვილის კონფლიქტის ზონიდან გასაყვანად კი პოლიციას სპეციალური ღონისძიების განხორციელება დასჭირდა.
აგრესიული ჯგუფების სამიზნე რამდენჯერმე გახდა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფიც. ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა დააზიანეს. მედიაზე თვდასხმის მომენტში სამართალდამცველებს რეაგირება არ ჰქონიათ. უფრო მეტიც - კასპში მასობრივი ძალადობის ფაქტზე საქმე აღძრულია, მაგრამ დაკავებული ამ დრომდე არავინაა მიუხედავად იმისა, რომ აგრესორების ვინაობა უმრავლესობისთვის ცნობილია.
ავტორი: ზურა პეტროსიანი