ახალქალაქის ქუჩებში, სადაც 8 აგვისტოს, საღამოს, ახალგაზრდა კაცი მოკლეს, სპეცრაზმი ამ დრომდე შეინიშნება. გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური მოედანი, სადაც სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე ქალაქის ცენტრში სპეციალური დანიშნულების სამსახურის მანქანები დგას, თითქმის ყველა გზაჯვარედინზე კი პოლიცია პატრულირებს. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ შემთხვევის ადგილზეც.
მათივე ინფორმაციით, სპეცრაზმმა ქალაქის ცენტრში ნალბანდიანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ტერიტორია გადაკეტა რადგან მიიღეს შეტყობინება, რომ ამ მაღაზიაზე თავდასხმას აპირებენ.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ინფორმაციით კი მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, შემთხვევის ადგილებში პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმი ამ დრომდე თავს იყრის.
ემატება სპეციალური დანიშნულების რაზმები. მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. რაც უფრო დრო გადის, პოლიციური ძალები კიდევ უფრო ემატება და სრულდება ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება და სიმშვიდე, - უთხრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა JNEWS-ს.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითაც მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მარლთსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში დაპირისპირება 8 აგვისტოს მოხდა. სისხლიანი შელაპარაკებისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს, რის შემდეგაც, ქალაქში მისი თანასოფლელები, სოფელ კულიკამის მცხოვრებლები ჩავიდნენ და საცხოვრებელი სახლები და სასტუმრო გადაწვეს.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.