
"ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეკითხვაზე საუბრობს და კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
''მე კონსტიტუციით ვარ ყველა უფლებების დაცვის გარანტორი, ერთგვარად. ამიტომ ეს ყველაფერი მეხება და ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს, იმას რაც ხდება და არა მხოლოდ კინოსექტორში. მაგრამ ეს არის ის რაზეც ვსაუბრობდი. ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების რომლიდანაც არ გამოვსულვართ. არ გამოვსულვართ არც ერთ რეჟიმის დროს. ეხლა ვიღაცამ არ მოიტანოს, რომ წინა ხელისუფლება იყო ამაში უმწიკვლო. არ მთავრდება, როგორც კი ხელისუფლება შედის იმ პერიოდში, თავისი ხელისუფლების, როცა გრძნობს რომ შეიძლება მისი ლეგიტიმურობა, არჩევნების მხარდაჭერა ხალხში, ცოტა შერყეულია. რაც ბუნებრივია დემოკრატიულ სისტემაში, რამოდენიმე წლის მერე, არ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში დემოკრატიული, სადაც მთავრობა და ხელისუფლება თუ არის რამდენიმე წელი ხელისუფლებაში, ჩადის მისი რეიტინგი. და ჩვენთან ვერ ეგუებიან ამას, რომ რეიტინგი ჩადის და რომ გარანტირებული აღარ არის არჩევნების მოგება და მერე იწყება თავდავიწყება", - თქვა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, კინოცენტრის წარმომადგენლები დირექტორის არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ და კულტურის სამინისტროსთან პერმანენტულ აქციებს მართავენ.