"თავად ვთხოვე კასპის საკრებულოს აპარატის უფროსსაც, დეპუტატებსაც და მერიის სამსახურის უფროსებსაც, მისულიყვნენ და სიტუაცია განემუხტათ" | კასპის მერი

გამოქვეყნდა:

კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე ამბობს, რომ კასპში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავად სთხოვა დახმარება კასპის საკრებულოს აპარატის უფროსს, დეპუტატებსა და კასპის მერიის სამსახურის უფროსებს, რომ სიტუაცია განემუხტათ.

"გუშინ, შუადღისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ კასპში იყო ჩამოსული ლევან ხაბეიშვილი,  რომელიც გარეთ ვერ გამოდიოდა, რადგან ტერიტორიაზე, სადაც პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ, მოსახლეობა შეიკრიბა. მე რადგან არ ვიმყოფებოდი ქალაქში, თავად ვთხოვე კასპის საკრებულოს აპარატის უფროსსაც, დეპუტატებსაც და მერიის სამსახურის უფროსებსაც, ადგილზე მისულიყვნენ, ენახათ, რა სიტუაცია იყო და განემუხტათ. ფაქტობრივად, მე ვთხოვე, დახმარებოდნენ ლევან ხაბეიშვილს, რაც მან პირიქით გამოიყენა, თითქოს მის დასახმარებლად გაგზავნილი ხალხი პრობლემებს უქმნიდა, თითქოს ჩვენ ვიყავით პროვოკაციის ორგანიზატორები.

როგორც გავარკვიე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ადგილზე ინტერვიუებს იძლეოდნენ და მოსახლეობას ესმოდა, რომ მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო. ხაბეიშვილის ხალხს დამატებით გამოძახებული ჰყავდა თბილისიდან მხარდამჭერები, რომლებიც ჩამოვიდნენ და გაამწვავეს სიტუაცია. შეურაცხყოფას აყენებდნენ მოსახლეობას. რასაკვირველია, მოსახლეობის მხრიდანაც ადეკვატური რეაქცია იყო. ჩვენ დავუკავშირდით პოლიციას და შეიძლება, თვითონაც დაუკავშირდნენ. ა

რ ვიცი, როდის დაუკავშირდნენ პოლიციას, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, პოლიცია მყისიერად მივიდა და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა. პოლიციამ გააკეთა კორდონი და გამოატარეს ხაბეიშვილი თავისი მხარდამჭერებით, ლიდერებით, ჩასვეს მანქანაში და გაისტუმრეს მშვიდობით. ჩემი აზრით, გუშინ მათ მიერ იყო დადგმული სცენარი და თავად გაუკეთეს პროვოცირება გუშინდელ შემთხვევას. საერთოდ, კასპში მათი ჩამოსვლა პროვოკაცია იყო, რადგან მოსახლეობას ახსოვს მათი მმართველობის პერიოდიც და ამ ბოლო წლებში მათი პარტიის ხელმძღვანელობის ქმედებაც" - ამბობს კასპის მერი [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

შეგახსენებთ, 30 ივნისს, მაშინ როცა ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კასპში პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა, "ოცნების" ორკები მივარდნენ. მათ ჯერ ლევან ხაბეიშვილის მანქანა დააზიანეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს, ამის შემდეგ კი თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ  ჯგუფს და დააზიანეს აპარატურა. 

მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია, უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. "მთავარ არხს" დღეს კითხვები ჰქონდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსთან, თუმცა ის სამსახურში არ გამოჩენილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი