
გორის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაობის ზედამხედველობის განსახორციელებლად დაიქირავა კერძო კომპანია, რომლის შესრულებული სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
შპს ოპტიმალ პლიუსი ზუსტად იგივე ფუნქციებს შეასრულებს, რაც მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება. მერიის ამ სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებზე წელიწადში ნახევარი მილიონი იხარჯება.
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ირწმუნება, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ თავზარაშვილის უწყება ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს და ამ საქმით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
თავზარაშვილის თქმით, მათ ზედამხედველობის სამსახურს ზოგიერთი სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი ლიცენზია არ აქვს.
ხალხის ფული, 2 მილიონი ლარი, მიდის აღნიშნული ბიზნესმენების ჯიბეში, რომლებმაც ვითომ უნდა გადაამოწმონ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება რეგიონში, არადა არსებობს სამხარაულის ექსპერტიზა, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები. გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობს შესაბამისი სამსახური, რომლის შენახვაც გორელებს 500 ათასი ლარი უჯდებათ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბადრი ბასიშვილი.