პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას უკავშირდება, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გადაწყვეტილებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 14.

თავდაპირველად სესიაზე კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს - რომელსაც მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 33 იყო.

მოტივირებულ შენიშვნებში მოცემული ვერსიის თანახმად: ერთი მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით, საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორე მხრივ, პარლამენტისთვის ასარჩევად დადგენილი ორმესამედიანი უმრავლესობა, უნდა შემცირდეს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობამდე. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში - 6 თვე.

მიღებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში იქნება ცხრა წევრი და ის დაკომპლექტებული იქნება პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელისა და სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან.

ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი