
"ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ისევ ამ ქვეყანაზე და ამ სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე ფიქრობს", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ისევ ამ ქვეყანაზე და ამ სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე ფიქრობს. აი ეს უნდა უნდა მას ყველაზე მეტად. დანარჩენი ეს ოჯახის წევრები და სხვა ყველაფერი აქვს ძალიან უკანა პლანზე. მაგისთვის მთავარი არის, რომ ეს სახელმწიფო როგორმე გადარჩეს. ხანდახან მიკვირს, რომ მე როდესაც ვუზივარ გვერდით ხანდახან უჭირს, ორ სიტყვას ვერ იტყვის და აქ რამდენი ილაპარაკა" - ამბობს გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ითხოვს, პოლონელ მედიკოსებს მისცენ მასთან შესვლისა და მკურნალობის პროცესში ჩართვის უფლება
"ვიზუალურად არის მართლა ძალიან მძიმე საყურებელი. როდემდე უნდა გრძელდებოდეს ამ მტრობის ასეთი მიდგომა, რომ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში აყენებდნენ. ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა. იმედს ვიქონიებ მეთქი ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ როდემდე უნდა უყუროს მთავრობამ, როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ თურმე სიმულიანტობს" - ამბობს გიორგი სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ძმა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ერთი შუამდგომლობა ჰქონდათ - სასამართლოს დაევალდებულებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეეშვათ ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი.
უცხოელ ექიმებს უკვე რამდენიმე თვეა გავლილი აქვთ საქართველოში ავტორიზაცია, თუმცა ამ დრომდე გაუგებარი მიზეზების გამო მათ არ ეძლევათ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება.
მოსამართლეთა კოლეგიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მათი შეფასებით, მოთხოვნა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული.
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 26 ივლისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე, სასამართლოს ვივა მედიდან დისტანციურად ჩაერთო.