ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მაჟორიტარად კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2020 წლის არჩევნებში კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის - ამის შესახებ ჯაფარიძემ სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "გირჩის" მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში მისი კანდიდატურის გარეშე რთულად წარმოუდგენია.

გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს, ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან, - წერს ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, ვაკის მაჟორიტარ კანდიდატად ის მხარს ისევ "ევროპული საქართველოს" წევრს, ელენე ხოშტარიას უჭერს.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკია, რომელსაც ჯაფარიძე ნებისმიერ თემაზე საჯაროდ სასაუბროდ იწვევს. გირჩის ლიდერის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს საუბარი რომელ თემას შეეხება, რომელ პლატფორმას გამოიყენებენ და რომელი ფორმატით წარიმართება ის.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გია ვოლსკის გარდა, მაჟორიტარობა მოძრაობა „ხალხისათვის“ დამფუძნებელ ანა დოლიძესაც სურს. მათ, სავარაუდოდ, "ლელო საქართველოდან" დავით უსუფაშვილი შეურთდება. 

"გირჩი" საკუთარ მაჟორიტარებს 22 შეუთანხმებელ ოლქშიც წარადგენს, ამის შესახებ პარტიამ 4 აგვისტოს განაცხადა. ისინი მაჟორიტარობის კანდიდატებს საკუთარ აქტიურ წევრებში ეძებდნენ, რისთვისაც პორტალზე girchi.com სპეციალური ბმული ჰქონდათ გამოქვეყნებული.   

"გირჩმა" გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი  იმ მიზეზით განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში ხელი არ შეეშალა. 

პარტიამ თავისი პროპორციული საპარლამენტო სია, რომლის პირველი ნომერიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა 31 ივლისს, შიდა პრაიმერისის გზით გამოავლინა

"გირჩმა" პროპორციული სიის ჩამოყალიბების საშუალება მისცა მის გულშემატკივრებს საკუთარი პორტალ girchi.com პლატფორმაზე. პარტიის მომხრეები გირჩის შექმნილი ელექტრონული ვალუტის GeD (Georgia Dollar) მეშვეობით ბოლო კვირების განმავლობაში აძლევდნენ ხმას თავიანთ ფავორიტ პოლიტიკოსებს. ეს არის მომხრეების მიერ საპარლამენტო სიის ფორმირების პირველი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.     

მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული სიის ცესკო-ში წარდგენის ვადა სექტემბრამდეა, ეს არის სიმბოლური თარიღი, 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

რამდენიმე კვირის წინ "გირჩმა" გამოაცხადა ავტომანქან "ტესლას" გათამაშება არჩევნებში მონაწილე თითოეული მოქალაქისთვის. ამომრჩევლებს "ტესლას" მოგება შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მივლენ საარჩევნო უბანზე, ნებისმიერ კანდიდატს შემოხაზავენ და ფოტო მტკიცებულებით დაადასტურებენ არჩევანის გაკეთების ფაქტს. ავტომანქანებს "გირჩი" საპარლამენტო დაფინანსებით შეიძენს, "ტესლები" ოთხი წლის განმავლობაში გათამაშდება

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი