
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის დღემდე რაც შეეძლოთ, რომ გაეკეთებინათ, ყველაფერი გააკეთეს.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არის თანხვედრაში მათი და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეფასებები. კობახიძის თქმით, მათ შორის შეუთავსებლობა საერთოდ არაა. მისი თქმით, თანხმდებიან შეფასებაზე, რომ კანონმდებლობა მოწონებულია.
"რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ერთმანეთთან თავსებადი ევროკომისრის და ჩვენი შეფასებები. მე არ მგონია, რომ არის შეუთავსებლობა და ავხსნი რატომ. რა თქმა უნდა, არის, ერთი მხრივ, ციფრები, რომლის თანახმადაც, 3 სრულად შესრულდა და დანარჩენი არასრულად არის შესრულებული. თუმცა, რაში ვხედავთ თანხვედრას. დღემდე რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, ყველაფერი გაკეთდა. ნუ, ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ანუ რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი პრაქტიკული კუთხით დღემდე, ეს იყო არსებითად კანონმდებლობის შემუშავება, ყველაფერი გაკეთდა.
მაგალითად, თუ დააკვირდებით რეკომენდაციების საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გვეუბნებიან რას, რომ კანონმდებლობა კარგია, მაგრამ პრაქტიკაში აღსრულება არის საჭირო. რეალურად, საბოლოო ჯამში, გამოდის რა, რომ ჩვენ ვთანხმდებით შეფასებაზე, რომ კანონმდებლობა არის მოწონებული. [...]
ანუ ჩვენ რისი თქმა გვინდა, დღემდე რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არსებითი ამოცანა იყო კანონმდებლობის გადასინჯვა, ეს უკვე გაკეთდა და რაც შეეხება ევროკომისარ ვარჰეის, ის გვეუბნება, რომ კიბატონო, კარგია, კანონმდებლობის გადასინჯვა, მაგრამ ახლა საჭიროა ამ ყველაფრის აღსრულება. როგორც უკვე ითქვა, 18-დან 10 რეკომენდაცია, საბოლოო ჯამში, მეტიც, იმიტომ, რომ იგივე პრაქტიკაა ხომ თანამდებობის პირთა არჩევაც და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები და ა.შ. 18 კონკრეტული წინადადებიდან / რეკომენდაციიდან, რაც წარმოადგენდა ევროკომისარმა ვარჰეიმ, უმეტესობა უკავშირდება სწორედ პრაქტიკის გაუმჯობესებას,12-13 უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამიტომ, პრინციპში არის თანხვედრა ჩვენს შეფასებებს შორის", - თქვა კობახიძემ.
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი კი საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებასთან დაკავშირებით 22 ივნისს აცხადებდა, რომ 12-დან შესრულდა მხოლოდ 3 რეკომენდაცია.